English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
საქართველო ლიდერობს პროსოციალურობით: შედარება კულტურათშორის ეკონომიკურ ექსპერიმენტთან

თეორიულ ეკონომიკაში საყოველთაოდ ცნობილია, რომ საზოგადოებრივი დოვლათის ნებაყოფლობითი მიწოდების პირობებში, მისი წარმოქმნა ხდება დაბალეფექტიანად და არასაკმარისად (Samuelson 1954), რა დროსაც ოპორტუნისტული ეკონომიკური ქცევა  გვევლინება მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად. სტანდარტულ თეორიულ ეკონომიკაში, ეგოიზმისა და რაციონალურობის დაშვებაზე დაფუძნებული ნეშის წონასწორობა მიგვითითებს საზოგადოებისათვის არაეფექტიან შედეგზე. საზოგადოებრივი დოვლათის ნებაყოფლობითი წარმოქმნის პირობებში, ეკონომიკურ აგენტს შეუძლია მისით სარგებლობა, მაშინაც კი, თუ მას არ გაუღია წვლილი მის მიწოდებაში. ამდენად, ჩნდება სტიმული, რომ ერთმა ინდივიდმა ყოველგვარი პირადი წვლილის გაღების გარეშე, სხვების ხარჯზე ისარგებლოს საზოგადოებრივი დოვლათით. ამრიგად, არსებობს დაპირისპირება პირად ინტერესსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის, რაც დამახასიათებელია მრავალი სხვადასხვა სახის ეკონომიკური ურთიერთობისათვის და სიტუაციისათვის.

ფაქტია ისიც, რომ ადამიანები არ ხელმძღვანელობენ მხოლოდ ეგოისტური ანგარიშიანობით, ისინი მონაწილეობენ კოლექტიურ ქმედებებში, ერთად ზრუნავენ გარემოს დაცვაზე, ეწევიან ქველმოქმედებას და ა.შ., რასაც რეალურ ცხოვრებაში ხშირად ვხედავთ. გარდა ამისა, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულმა ეკონომიკურმა ექსპერიმენტებმა ნათლად დაგვაანახა, რომ ადამიანები გაცილებით მეტად თანამშრომლობენ და პროსოციალურად იქცევიან, ვიდრე ამას სტანდარტული თეორიული ეკონომიკა  პროგნოზირებს (Ledyard 1995, Fehr and Fischbacher 2003). გარდა ამისა, ექსპერიმენტებმა ასევე ანახა, რომ ნებაყოფლობითი თანამშრომლობა მყიფეა იმ გაგებით, რომ საზოგადოებრივი დოვლათის ექსპერიმენტის განმეორებითი ინტერაქციის პირობებში, ოპორტუნისტული ქცევის გავლენით, თანამშრომლობა დროთა განმავლობაში კლებულობს და მიისწრაფვის ნეშის ნულოვანი კონტრიბუციების წონასწორობის წერტილისკენ.

ამასთანავე, ბოლოდროინდელ ეკონომიკურ ექსპერიმენტებში ნათლად გამოჩნდა თანამშრომლობის კულტურათაშორისი განსხვავებები (Herrmann, Thöni, and Gächter 2008) (შემდგომში HTG). შედარების მიზნით ჩვენი ექსპერიმენტი ამატებს საქართველოს HTG-ის ექსპერიმენტულ კვლევას და ადგენს საზოგადოებრივი საქონლის თამაშის ანალოგიურ ექსპერიმენტულ დიზაინს. ჩვენი ექსპერიმენტის მთავარი მიზანი იყო ლაბორატორიული ექსპერიმენტის საშუალებით შეგვეფასებინა საქართველოში პროსოციალურობის, ანუ თანამშრომლობითი ქცევის დონე და შეგვედარებინა იგი HTG-ის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ ანალოგიური ექსპერიმენტული კვლევის შედეგებთან.

თბილისში ჩატარებულ ეკონომიკურ ექსპერიმენტში საშუალო შენატანების ოდენობა აღმოჩნდა ყველაზე მაღალი HTG-ის მიერ 16 სხვადასხვა ქვეყნაში ჩატარებულ  ანალოგიურ ექსპერიმენტების შედეგებთან შედარებით. უფრო მეტიც, ჩვენს ექსპერიმენტში ოპორტუნისტული ქცევის არარსებობასთან ერთად, ალტრუისტული ქცევის წილი აღმოჩნდა გაცილებით დიდი, ვიდრე ყველა სხვა 16 ექსპერიმენტის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით. გარდა ამისა, განსაკუთრებით  საყურადღებოა, რომ ჩვენს ექსპერიმენტში საშუალო კონტრიბუციების დონე გასაკვირად სტაბილურ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და რჩება 50%-ის ზემოთ.  

ჩვენი ექსპერიმენტის შედეგები ნათლად წარმოაჩენს ალტრუისტული ქცევის მნიშვნელოვან წილს და  მის მნიშვნელობაზე საერთო შედეგებზე. ჩვენი დაკვირვებით, მეტწილად იგი განაპირობებს საშუალო შენატანების მაღალი დონის შენარჩუნებას. ექსპერიმენტის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთი და იგივე ინდივიდთა ჯგუფში, ინტერაქციების განმეორებითი სტრატეგიული ხასიათი და ალტრუიზმის მაღალი წილი, ერთობლივად აჩენს ინდივიდებისათვის გულუხვი ინდივიდის რეპუტაციის შექმნის სტიმულს, რაც გამორჩეულად ახასიათებს ქართულ კულტურას. ჩვენი აზრით, ჩვენს ექსპერიმენტს, ალტრუისტული ქცევის მნიშვნელობის წარმოჩინებით, თავისი მცირედი წვლილი შეაქვს კულტურათაშორის ექსპერიმენტულ ეკონომიკურ კვლევებში.

საკვანძო სიტყვები: პროსოციალურობა, ალტრუიზმი, კულტურა, ადამიანთა თანამშრომლობა, საზოგადოებრივი საქონლის ექსპერიმენტი.

JEL Codes: D60, D64, D69